რეგისტრაცია

"ორი შვილი მომიკლა სალომეს მკვლელმა, 11 წელი გავიდა, უკვე ციხიდან გამოდის!" - რას ჰყვება ქალი, რომლის ქალიშვილი პოლიციელმა ქმარმა მოკლა, ახლა კი ვაჟიც დაეღუპა

"ორი შვილი მომიკლა სალომეს მკვლელმა, 11 წელი გავიდა, უკვე ციხიდან გამოდის!" - რას ჰყვება ქალი, რომლის ქალიშვილი პოლიციელმა ქმარმა მოკლა, ახლა კი ვაჟიც დაეღუპა
05 Mar 2025, 14:50

11 წელი გავიდა სალომე ჯორბენაძის სასტიკი მკვლელობიდან. ალბათ ბევრს დღემდე ახსოვს წლების წინ ზესტაფონში მომხდარი ფემიციდის უმძიმესი ფაქტი. 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, ე.წ. "ირინეს ბაღში", ხალხმრავალ ადგილას, თვითმხილველების თვალწინ, დღისით, 19 წლის სალომე ჯორბენაძეს ყოფილმა ქმარმა, 25 წლის სერგი საცერაძემ 5 ტყვია დაახალა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელი კი პოლიციელებს ბრალის აღიარებით ჩაჰბარდა. სამართალდამცველებმა მას ხელბორკილები იქვე დაადეს. საცერაძე ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო და დანაშაული ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა.

როგორც ცნობილია, სერგი საცერაძემ 2011 წელს, 17 წლის სალომე იარაღის მუქარით მოიტაცა. ზესტაფონის პოლიციამ არასრულწლოვნის მოძებნაში სალომეს მშობლებს დახმარება არ გაუწია. ასე გახდა სალომე სერგის ცოლი.

ქორწინების განმავლობაში, ასევე დაშორების შემდეგ, სერგი სალომეზე სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და იარაღით ემუქრებოდა. კონფლიქტების მიზეზი ეჭვიანობა იყო. სალომე იძულებული გახდა თავისი პატარით სახლიდან წამოსულიყო და მშობლებთან იყო. თუმცა მასზე მუქარა მაინც გრძელდებოდა. მკვლელობამდე, სალომემ ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურასა და გენერალურ ინსპექციას მიმართა და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა, მაგრამ მის შესაჩერებლად არაფერი გაკეთებულა. სალომე აცხადებდა, რომ ყოფილი ქმარი მოკვლით ემუქრებოდა. ძალოვნების უმოქმედობამ გამოიწვია საბოლოოდ ეს უმძიმესი დანაშაული.

ვერავინ დაიცვა მოძალადე პოლიციელისგან ახალგაზრდა ქალი. სერგი საცერაძის წინააღმდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ბრალდებული და მისი ადვოკატი ირწმუნებოდნენ, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. ისინი საქმის გადაკვალიფიცირებას ცდილობდნენ, თუმცა მაშინ მოსამართლემ არ გაიზიარა მათი მოსაზრება და ბრალდებულ სერგი საცერაძეს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მაშინ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილო იყო მოკლულის დედა, ფატი ჭელიშვილი. იგი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. ასევე ითხოვდა იმ პირების დასჯას, ვისაც ევალებოდა საქმეზე რეაგირება და არ დაიცვა მისი შვილის სიცოცხლე. თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა. საზოგადოებისთვის ცნობილია ისიც, რომ სტრასბურგში გაიგზავნა საჩივარი რამდენიმე მუხლის დარღვევაზე და ეს დავა სახელმწიფოს მოუგეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დასძინა, რომ ქვეყანამ ვერ უზრუნველყო გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია. ამასთანავე, ვერ შეძლო, სალომე ჯორბენაძის არაერთი განცხადების მიუხედავად, საქმეზე სამართალდამცავი უწყების რეაგირების გამოძიება.

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრა დაზარალებული მხარის ოჯახის სასარგებლოდ, კომპენსაციის - 35 ათასი ევროს გადახდა.

სალომეს ერთი შვილი დარჩა, რომელსაც სალომეს მშობლები ზრდიან. ამ შემზარავმა მკვლელობამ მთლიანად შეცვალა ჯორბენაძეების ბედნიერი ოჯახის ცხოვრება.

ამ ტრაგედიის დროს, სალომეს ძმა სტუდენტი იყო. როგორც დედა, ფატი ჭელიშვილი ამბობს, მისი შვილის ფსიქიკამ ვერ გაუძლო ამ ტკივილს. სამწუხაროდ, ახლა ცნობილი ხდება, რომ სალომეს ძმამ, 34 წლის ლაშა ჯორბენაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უკვე ერთ წელზე მეტია, სალომეს მშობლები და მისი ვაჟი, სანდრო ქვეყნიდან წავიდნენ და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვეს, რადგან როგორც დედა ამბობს, საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ.

ახლა მშობლები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ისინი საქართველოში ჩამოსვლას და შვილთან გამოთხოვებას ვერ ახერხებენ.

უმძიმესია ის სტატუსი, რაც სოციალურ ქსელში ფატი ჭელიშვილმა დადო.

"კვირის პალიტრა" მას გერმანიაში დაუკავშირდა. შვილმკვდარი მშობლები ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან მათ პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ და გერმანია თვლის, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლა უსაფრთხო არ არის.

ფატი ჭელიშვილი:

- გამანადგურეს, 11 წლის წინ დაიწყო ჩვენი ოჯახის განადგურება და დღეს ჩემი შვილები - სალომე და ლაშა აღარ მყავს. ყველაზე მძიმე და გამანადგურებელი ის არის, რომ სალომე დავიტირე, მაგრამ ახლა ლაშასთან ვერ მივდივარ. გერმანიაში პოლიტიკური სტატუსით ვართ და ჩამოსვლა არ შემიძლია. სალომეს ვაჟის, სანდროს უსაფრთხოება რომ დამეცვა, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე სანდროსთან ერთად ჩამოვედით გერმანიაში და პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვეთ. 14 თვეა აქ ვართ. 5 კითხვა გაუგზავნეს საქართველოს საელჩოს და დადასტურებას ელოდებიან. ანა ნაცვლიშვილმა გადმოუგზავნა, რომ გვემუქრებიან და დაცვა გვჭირდება. ახლა ამხელა უბედურება დაგვატყდა თავს, ლაშა აღარ მყავს. გვინდა წამოსვლა და შვილთან გამოთხოვება, მაგრამ უარს მეუბნებიან. საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს და ვერ დაგიცავთ, რომ გაგიშვათო. უსაფრთხოება არ იქნება დაცულიო, ამიტომ ვერ მოვდივართ. არ ვიცი ამას როგორ გავუძლებთ. სამივე ვსხედვართ უცხო ქვეყანაში და ვტირით.

- ლაშას რა დაემართა?

-11 წლის წინ იზრუნა სალომეს მკვლელმა იმისთვის, რომ ჩემი შვილები ამ წუთისოფლიდან გასულიყვნენ. ლაშამ დის გარდაცვალება მაშინ სოციალური ქსელიდან გაიგო. ამ დროს ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის საუკეთესო სტუდენტი იყო, ფაქიზი სულის ბიჭი გახლდათ და ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს, ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. მას შემდეგ, 2014 წლიდან ვმკურნალობდით.

ახლა მალე გამოვა მკვლელი და როგორ შევხვდე ჩემი დის მკვლელს, თავს ვერ შევიკავებ და მოვკლავო, ამბობდა ლაშა, მაგრამ ჩემი შვილი მოძალადე არ იყო, ჩემი შვილი მორწმუნე იყო, ტაძრებში დადიოდა. იმის სიკვდილს თავის სიკვდილი და დასთან წასვლა არჩია. იგივე მიზეზების გამო მე, ჩემმა მეუღლემ და ჩემი სალოს, იგივე ჩემმა შვილმა - სანიმ გასული წლის იანვარში ქვეყანა დავტოვეთ, მაგრამ ლაშა არ წამოგვყვა. ეგონა, ყველაფერს მარტო, რწმენის დახმარებით გაუძლებდა, მაგრამ დეპრესიაში რომ ვარდებოდა, ეშმაკი შეუჩნდებოდა, ანტიდეპრესანტებზე უარს ამბობდა და გაზაფხულის პირველ დღეს, ასეთი ტრაგედია მოხდა.
ასე მომიკლა ორი შვილი სალომეს მკვლელმა.
სალო რომ მომიკლეს, ლაშა ქუთაისში გადმოვიდა და ბოლო კურსი აქ დაამთავრა. ლექტორი ფიზიკის კათედრაზე ტოვებდა, მაგრამ უარი თქვა, ანტიდეპრესანტს ვსვამ და ბავშვებთან ვერ ვიმუშავებო. გაგიჟდა კაცი, ასეთ დროს ადამიანი ვერაფერს იმახსოვრებს და შენ ვინ ხარ ასეთიო?.. დღეს ასეთი შვილები აღარ მყავს. არ ვიცი, როგორ გავუძლო ამ ყველაფერს, თან სანდროც ნერვიულობს ჩემს ტირილზე და ორ ცეცხლს შუა ვარ... ვერც მოვდივართ, საბუთები არ გვაქვს, პოლიტიკური სტატუსი გვაქვს.

ჩემს უბედურ შვილს სხეულის 50% აქვს დამწვარი. ფარდულში შიგნიდან ჩაუკეტავს კარი, ბენზინი სანამ არ აალდა, ვერ გაუღიათ. 1,85 მ სიმაღლის ვაჟკაცი როგორ შეეტია იქ.

მოგიკვდი, დედი. ყოველთვის აინტერესებდათ, რა მოხდებოდა 11 წლის შემდეგ, როცა მკვლელი გამოვიდა და აი, დაიწერა ისტორია ჯორბენაძეების, რომელიც ერთადერთი გვარი იყო ზესტაფონში. ბათუმიდან წლების წინ სამსახურის გამო წამოსული ბედნიერი ოჯახი ახლა ასე განადგურებულია.

ლაშა 14 აპრილს 34 წლის გახდებოდა. ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს. ასე დავტირით შორიდან ჩემს ლაშას, ჩვენ სამნი. ჩემი შვილები მტკივა და ვიწვი გარედან, თითქოს მე მეწვება ხორცი. ვერაფერს ვჭამ და ვსვამ, ეს რა საშინელებაა, ღმერთო, როგორ გავუძლო.

11 წლის წინ, მე მესროლეს 5 ტყვია, დამიხვრიტეს სხეული. ახლა მე წამეკიდა ცეცხლი და ვიწვი. ორჯერ მოვკვდი და არ ვიცი, აღვდგები თუ არა ფერფლიდან. ყველაზე გამანადგურებელი ის არის, რომ ჩამოსვლა არ შემიძლია. როგორი მძიმეა შორიდან ამ ტკივილის გაძლება...

სოციალურმა სამსახურმა უარი გვითხრა, ვერ შევძლებთ თქვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რადგან საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანაო. მე მეორედ მომკლა იმ მკვლელმა ახლა და სახელმწიფომ, რომელმაც ჩემი ოჯახი არ და ვერ დაიცვა. დღემდე საია მიცავს, მე მათ გარეშე სიმართლეს ვერ ვიპოვიდი. საია მეხმარება 2014 წლიდან, თამარ დეკანოსიძე, ანა ნაცვლიშვილი, ანა აბაშიძე, მიშა ჯახუა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სტრასბურგში მაინც დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე. ჩემი სიმართლისთვის არასამთავრობოებმა ყველაფერი გააკეთეს, ისინი წავიდნენ ერთი რიგითი მოქალაქის დასახმარებლად. მათ გარეშე მკვლელ პოლიციელს 11 წელს კი არ მიუსჯიდნენ, 6 თვეში გარეთ გამოუშვებდნენ. ექსპერტიზის გაყალბება მოინდომეს, თითქოს ეს იყო აფექტი. არადა, სახეზე იყო განზრახ მკვლელობა. მან გაიტყუა ჩემი შვილი და უმოწყალოდ მოკლა. მე მათ გარეშე სიმართლეს ვერ ვიპოვიდი.

- ლაშას როდის ესაუბრეთ?

- დილით ვესაუბრე, ფული გადმოვურიცხე, გადასახადები გადაიხადე-მეთქი. ჩემი განსაკუთრებული დედა ხარო, მითხრა, სულ ასე მეძახდა. წამლებს სვამდა, მაგრამ ბოლოს - დროგამოშვებით, თავს ვაკონტროლებო. მეც რომ მირეკავდა, გაწონასწორებული იყო, არაფერი საეჭვო არ შემინიშნავს.

ლაშა კომპიუტერებს აწყობდა და ყიდდა. 2 000 ლარი ეკლესიებს შესწირა ზესტაფონში, რასაც შოულობდა სწირავდა. ძალიან მორწმუნე იყო, 3-4 საათი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა. დავითის ფსალმუნები ზეპირად იცოდა. ისეთ რამეებს მიყვებოდა, სამეცნიეროსაც, საერთოდ არ გამიგონია. რუსული და ინგლისური საიტებიდან თარგმნიდა. ძალიან ნიჭიერი იყო ჩემი ლაშა.

როგორ იტანჯებოდა, რომ არ ეძია შური და თავისი თავი და ცხოვრება გაინადგურა.

ჩემს მაზლთან ერთად ცხოვრობდა. პერიოდულად ბებო და ბიძები აკითხავდნენ.

მართლა უნიჭიერესი შვილი მყავდა. მემარცხენე იყო ბავშვობიდან, ფიზიკა-მათემატიკის მცოდნე. ზესტაფონს დღემდე ახსოვს ჩემი შვილების ნიჭიერება, განსაკუთრებულები იყვნენ, მაგრამ 11 წლის წინ, ასე გამინადგურდა ოჯახი. ანა არგანაშვილმა გადამირჩინა მაშინ ლაშა. სტრასბურგის საქმეზე დადიოდნენ ანა არგანაშვილი და ანა აბაშიძე და ლაშას მდგომარეობა რომ გაიგეს, სასწრაფოდ გადამაყვანინეს თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ადგილი არ იყო და ყველაფერი იღონეს, რომ იქ მოეთავსებინათ. მკურნალი ექიმი იაშვილი იყო, მთელმა საქართველომ იცოდა სალომე რომ მომიკლეს და ამის ნიადაგზე რომ დაემართა ლაშას ეს პრობლემა. უმკურნალეს და მის მერე წამალს სვამდა. 2-ჯერ მოუწია კლინიკაში 2 კვირით გაჩერებამ, მერე სულ სვამდა მედიკამენტს, ოღონდ საავადმყოფო არაო, იტყოდა ხოლმე. მკურნალი ექიმი ზესტაფონში ჰყავდა და წამლებს აძლევდა, ყოველ თვეში. პენსიას იღებდა, 4 წელია. ამ ბოლო დროს რომ არ სვამდა წამალს, ბელა ექიმმაც მითხრა. ამბობდა, არ მინდა კარგად ვარ, თავს ვაკონტროლებო. მაგრამ ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი.

იმ ფარდულს შიგნიდან საკეტი არ ჰქონდა. საკეტი გაუკეთებია. მე უფალთან მინდა და ჩემმა ვარსკვლავმა უნდა იკაშკაშოსო. მას თუ მოვკლავ ჩაქრება ჩემი და მისი აინთებაო. მაგრამ ზოგჯერ ისე გაბრაზდებოდა, იტყოდა, ჩემი ოჯახის გამწარებისთვის ის დასასჯელიაო. აღარაფერი აინტერესებდა.

მე რაღა ვქნა ჩემი შვილების გარეშე, წარმოიდგინეთ, დავტოვე სამშობლო, რომელიც ძალიან მიყვარს. ტოვებ იმიტომ, რომ ქვეყანა არ გიცავს. გიწევს დატოვო ყველაფერი, რადგან სალომეს შვილი გადაარჩინო. იცით, სტრასბურგის გადაწყვეტილება რომ გამოვიდა, მე უფლებამონაცვლე ვიყავი, სახელმწიფომ რომ ვერ დაიცვა ჩემი შვილი, სტრასბურგმა ეს ცალსახად თქვა, მაგრამ არცერთი პოლიციელი არ დასჯილა, ვინც იყო გამოძახებაზე და ძალით მოაწერინეს სალომეს ხელი, რომ თითქოს არ ჩიოდა. სტრასბურგმა დაავალა ამ პოლიციელების დასჯა სახელმწიფოს, მაგრამ დღემდე დაუსჯელები არიან. უსაფრთხოდაც არ ვიყავით. სამსახურიდან რომ მოვდიოდი პიკაპის მანქანით პირდაპირ ჩემი მანქანისკენ წამოვიდნენ. მე ისედაც ნაავარიები ვარ 2008 წლის ომის დროს... საჭესთან მჯდომი, შემდეგ პიკაპით შემაშინეს და ეს იყო გაფრთხილება. 2024 წლის 13 იანვარს მანქანა გავყიდე და 14 იანვარს გერმანიაში ჩავბარდით. ნეტა წამოსულიყო, ჩემი ბიჭი არ წამომყვა. მე მკვლელს უნდა გავუსწორდე ჩემი ოჯახის აწიოკებისთვისო.

მკვლელი გამოდის აპრილში, ან მაისში.

4 წელია სასამართლოში მამობის ჩამორთმევაზე მაქვს ბავშვის სახელით საბუთები შეტანილი და დღემდე არ განუხილავთ. მით უმეტეს ბავშვი, თავად ითხოვდა მამობის ჩამორთმევას, თუმცა რაიონული სასამართლო მაინც მიკერძოებულია და სიმართლეს ვერ ვიპოვი. ვერ დააყენეს საშველი, არ განიხილეს, სასამართლო არც გამართულა, ეტყობა მკვლელის გამოსვლას უცდიან. მოვერიდე კიდეც ახალი სტრესი მიმეყენებინა სანდროსთვის და წამოვედით. ახლა ვიგებ, რომ თურმე 12 წლის სანდროს, ბავშვს შურისძიება ჰქონია გულში. რომ ჩამოვედით, აქ სეირნობისას მითხრა, დედაჩემის მკვლელზე მე უნდა ვიძიო შურიო. ეს თქვა ბავშვმა, როცა იმ კაცზე საერთოდ არ ვსაუბრობდით ოჯახში და არ ვახსენებდით. როგორი ტრავმა მიაყენა ბავშვსაც. ახლა ავუხსენი, ამიტომ წამოგიყვანე, რომ არავინ იცის ეგ ამბავი და მშვიდად მიხედო შენს ცხოვრებას-მეთქი, მაგრამ ახლა, მისი საყვარელი ლაშას ამბავი რომ გაიგო, ძალზე ინერვიულა და თქვა, ყველა მიიღებს სამაგიეროს ამდენი ტკივილის გამოო. სულ მამშვიდებს.

ლაშამ კომპიუტერები აუწყო, გაუძლიერა და დაუბარა, 10 წელი არაფერი დაგჭირდება, სანიო და ახლა, ლაშაც აღარ გვყავს. არ ვიცი, წერილებსაც დამიტოვებდა ალბათ კომპიუტერში ჩემი ლაშა, იმ დღეს ტელეფონით მესაუბრა, მითხრა, დედა მადლობა ყველაფრისთვისო. მაგრამ თანხა რომ გადმოვურიცხე, მეგონა, ალბათ ამიტომ მეუბნება-მეთქი. ისედაც არ მომხვდა უცხოდ მისი სიტყვები, რადგან ჩემს ოჯახში ხშირად ვუხდით მადლობას ერთმანეთს, ახლა თავზე ცა ჩამომექცა.

მე არ მიჭირდა და არ მიჭირს ფინანსურად, მაგრამ ჩემმა ქვეყანამ არ დაიცვა ჩემი ოჯახი, რომელსაც არასოდეს არაფერი გაუფუჭებია. ნასწავლი და განათლებული ოჯახი მქონდა, ერთი რიგითი ქართული ოჯახი, რომელიც ყოველთვის პატიოსნად ცხოვრობდა, მაგრამ გავხდით მსხვერპლნი.

არ გიცავს პროკურატურა, პოლიცია და სასამართლო. პოლიციელს ასამართლებს მხოლოდ ერთი მუხლით და არა შეკრებითობით, 2014 წლის კანონით იყო შეკრებითობა და უფრო მკაცრად უნდა დასჯილიყო მკვლელი და ასე უცებ არ უნდა ტოვებდეს ის ციხეს.

ფაქტია, დღეს შვილების გარეშე დამტოვეს. ვის მოვთხოვო ახლა პასუხი, თვითონ ხელისუფალნი ხომ ამაყობენ თავიანთი შვილებით, მეც მინდოდა ჩემი კარგი შვილებით მეამაყა და დღეს მე გამწარებული დედა ვარ მათი უმოქმედობით. ჩემი შვილის უფლებები რომ დაეცვა და სათანადოდ, დროულად დაესაჯა მოძალადე, ორივე შვილი ცოცხალი მეყოლებოდა.

ყველაზე გამანადგურებელი ის არის, რომ ბოლო გზაზე ჩემს დამწვარ და დანახშირებულ შვილსაც ვერ გავაცილებ. მის წილ ცრემლს ვერ გავატან, რომელსაც ასე ბევრს ვღვრი ამ უცხო მიწაზე. ძალიან მინდა, ჩემს სამშობლოში ყველაფერი შეიცვალოს, კანონი კანონობდეს და ხალხს მეტი ყურადღება ექცეოდეს.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს ამ უდიდესი ტრაგედიის გამო და გულისტკივილით უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს.


აგრეთვე იხილეთ: