წვიმა და სეტყვა – 4-5 ივლისს კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება – ცნობილია, როდის გამოიდარებს ქვეყანაში

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ყველგან წვიმს და ჰაერის ტემპერატურამაც საგრძნობლად იკლო.
„პრაიმტაიმი“ მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძეს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში, განმარტა თუ რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდემდე გასტანს ცივი დღეები.
„ევროპის ტერიტორიაზე ამჟამად ვრცელდება, აფრიკული ანტიციკლონი, რომლის გავლენითაც ტემპერატურა, ცალკეულ ტერიტორიაზე (იტალია, საფრანგეთი) 45 გრადუსს აღწევს და ამ პერიოდისთვის, ასეთი ტემპერატურა ნორმალურია, კლიმატის შეცვლის ფონზე. აქვე ისმის კითხვა თუ რა ხდება საქართველოში, როდესაც ირგვლივ ცხელა. ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთშია მდგრადად მდგარი, და იქიდან წამოსულ ჰაერის მასებს ვკვებავთ, ვტენით და შედარებით შედარებით გრილი ამინდები გვაქვს. სტატისტიკურად თუ შევადარებთ, ეს პერიოდი ზუსტად ედრება სექტემბრის ბოლოს 20-21 გრადუსს, როცა უკვე ზაფხული გადასულია, თუმცა წლევანდელი ზაფხული ნამდვილად მოვა და არ უნდა მივეცეთ სასოწარკვეთას.
4-5 ივლისს საქართველოში, კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება, ზოგან სეტყვა და ტემპერატურა, 20-25, გრადუსი იქნება.
6 ივლისიდან, საქართველოში გამოიდარებს, იქნება მზიანი დღეები. ამიტომ 7 ივლისიდან ნამდვილი ზაფხული დაიწყება. ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა, 40 გრადუსი, ივლისის ბოლო მეასამე დეკადაში დაფიქსირდება. 40 გრადუსი ნორმაა ამინდის თვალსაზრისით, კი ეშინიათ ამის გაგონების, მაგრამ ეს ნორმაა, აი 43 გრადუსი თუ იქნება, აი, ეს იქნება არანორმალური.
ამიტომ, წელს, ზაფხული ნამდვილად გამოვა, ნორმის ფარგლებში და ცოტა ნორმაზე ცოტა უფრო ცხელი“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ კობა ფარტენაძე.