“რამდენიც გინდა მლანძღეთ და მაგინეთ…” – გია ჯაჯანიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საუბრობს, რომ ძალა დაეკარგა აგრესიას და გაუფასურდა ყველა სალანძღავი სიტყვა, ასევე დაეკარგა ძალა, თბილ და სიყვარულით სავსე დამოკიდებულებას:
“ადმიანებმა იმდენი ლანძღეს, იმდენი აგინეს და წყევლეს ერთმანეთი, აგრესიას ძალა დაეკარგა და გაუფასურდა ყველა სალანძღავი სიტყვა.
გინება, ლანძღვა, წყევლა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი გახდა და რეაქციებიც დაქვეითდა.
ალბათ ხშირად გესმით, როცა ამბობენ: რამდენიც გინდა მლანძღეთ და მაგინეთ. არ მაინტერესებს ხალხის აზრი. არ დავეძებ ჩემზე რას ამბობენ… და ასე შემდეგ.
ასევე დაეკარგა ძალა, თბილ და სიყვარულით სავსე დამოკიდებულებას. ალბათ ხშირად მოგისმენიათ ზეპირი, დამახსოვრებული კეთილი სიტყვებით შემკული ფრაზები: ჩემო სიცოცხლე. ვგიჟდები შენზე. საოცრად მიყვარხარ მეგობარო, შენ თუ არ გენდე, აბა ვის ვენდო… და ასე შემდეგ.
ასევე საინტერესოა, რელიგიურ დღესასწაულებზე ეკლესიებში მისული უთვალავი მრევლი, რომელიც წყალობას და შენდობას ითხოვს, სარწმუნოება მათ უკრძალავს ადამიანების განკითხვას და ბოროტ საქციელს. აბა ვინღაა ის, ვინც ამუნათებს და აზიანებს თავის მოძმეს?
სამშობლოს ვერ გადავარჩენთ, თუ ერთმანეთს არ მოუსმინეთ და ერთმანეთი არ გადავარჩენეთ. სანამ იარსებებს ზიზღის ენა, მუქარის ენა, ნიშნის მოგებით საუბარი, არაფერი სასიკეთო არ იქნება.
ყველაფერში დამნაშავე ადამიანის მეხსიერებაა.
რაც საქართველოში კომუნიზმი დამთავრდა და ეროვნული მოძრაობა მოვიდა, მის მერე პოლიტიკოსების, მათი მომხრეების და მოწინაღმდეგეების ტექსტები საეთოდ არ შეცვლილა, შეიცვალა გინების ხარისხი და მხოლოდ სახელები და გვარები.
გამონათქვამები და ტექსტები იგივეა.
თუ ჩაუღრმავდებით მოვლენებს მიხვდებით, დედამიწა კატასტროფის წინაშე დგას და საფრთხე ემუქრება.
თუ არ იქნება დედამიწა, არ იქნება სამშობლო და არ ვიქნებით ჩვენ.
ჩემგან არაფერი გაგიკვირდეთ, რადგან მე თქვენგან არაფერი არ მიკვირს.
ადრე რასაც ვისმენდი მიტინგზე, ტელევიზიით, პირად საუბრებში, ყველასი მჯეროდა. მერე მივხვდი, რომ ნაწილი ტყუოდა, ნაწილი ცდებოდა, ნაწილიც მართალი იყო, მაგრამ თავის სიმართლეს ვერ ამტკიცებდა და იყო ქაოსი.
ბაბილონის გოდოლი.
მე უკვე აღარავის არ მჯერა, ღმერთის და საკუთარი თავის გარდა” – გია ჯაჯანიძე.