"კამერებში ჩანს, სად დებს ნივთებს, თუმცა იმ ადგილიდან მისი გამოსვლა აღარ ჩანს... იმედს ვებღაუჭებით" - რას ჰყვება დედა მოზარდზე, რომელსაც მთელი კვირაა ეძებენ
"დედას სუნთქვა, მე შენ არასდროს განგსჯი, მე ყოველთვის მხოლოდ მოგისმენ და შენს გვერდით ვიქნები, ჩემო სიცოცხლის ელექსირო და ბედნიერებავ, დეე, ჩემო გულის ნაწილო, მესამყაროები და უსაზღვროდ, უკიდეგანოდ მენატრები...…გთხოვ, მოდი და ჩამეხუტე, ჩემო სუნთქვა, იცი როგორ ენატრები შენს ძმებს, მამას და ყვეელას. დე მჭირდები, მენატრები, ყველას გვენატრები" - ასეთი ემოციური სიტყვებით მიმართავს 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს დედა, ნათია დიაკვნიშვილი და საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.
-
საზოგადოებისთვის ცნობილია, მერვე დღეა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ბიჭი 16 იანვარს 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდს ყველგან ეძებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბავშვის პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს, კამერებში ჩანს, როგორ დებს ალექსანდრე სკამზე ამ ნივთებს და მას შემდეგ კვალი ქრება.
ოჯახის წევრების თქმით, ალექსანდრე იმ საღამოს ინგლისურის გაკვეთილიდან მარტო გამოვიდა და მას შემდეგ დაიკარგა. საქმეში ბუნებრივია ჩართულია პოლიცია, ჩართულია სანათესავო, ყველგან ეძებენ მოზარდს. პოლიციაში იკითხებიან ის ადამიანები, ვისაც შეხება ჰქონდა არასრულწლოვანთან, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ხელჩასაჭიდი არ ჩანს. ოჯახი ყველანაირ იმედს ებღაუჭება და მოუთმენლად ელოდება შვილის გამოჩენას. ჩვენ დავუკავშირდით ალექსანდრეს დედას, ნათია დიაკვნიშვილს:
- ამ დრომდე არაფერი გვაქვს ხელჩასაჭიდი. ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვპოულობთ - ტელეფონი, ჩანთა და ქურთუკი დატოვა ზღვის ნაპირას, მეტი არაფერი ვიცით. ერთადერთი "ინსტაგრამზე" აქვს სტატუსად დაწერილი სიტყვა თავისუფლება, მეტი არაფერი ვიცით. მისთვის ჩვეულებრივი დღე იყო, ვინც კი შეხვდა იმ დღეს ყველა ამბობს, რომ ჩვეულებრივი ალექსანდრე იყო, არანაირი აღელვება, არანაირი კონფლიქტი, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ზოგადად ძალიან თბილი, იუმორის ძალიან დიდი გრძნობით სავსე ბიჭია. სამეგობროსთვის სასურველი მეგობარი, ყველას უყვარს ალექსანდრე.
- შეყვარებული ხომ არ ჰყავდა, რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდა?
- შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ დაშორებულები იყვნენ, ეს თემა არ არის. მასწავლებელთან იყო იმ დღეს, შემდეგ კამერებით ჩანს, როგორ დებს ქურთუკს, ჩანთას, ტელეფონს, მეტი არაფერი. სადაც დებს ეს ჩანს, მერე გამოსვლა იქიდან არ ჩანს. ყველგან ვეძებთ, პოლიცია მუშაობს, აქტიურად მიმდინარეობს ძებნა, ჩვენც აქ ვართ გვიანობამდე პოლიციაში, მაგრამ ამ დრომდე არანაირი ხელჩასაჭიდი არაფერი არ არის.
- როგორც ამბობენ წარმატებული სპორტსმენია
- საკმაოდ წარმატებული და კარგ გუნდშია, კარგად თამაშობდა, კარგი სპორტსმენია, ფეხბურთელი. ახლა იწყება ის აქტიური ასაკი სპორტული კარიერის მხრივ. ყველაფერი კარგად ჰქონდა, მეგობრებს არაფერი შეუტყვიათ, ვიღაცაზე რომ ვთქვა კონფლიქტი ჰქონდა ან რამე, მსგავსი არაფერია.
- ამ ასაკში ახალგაზრდები ძალიან მგრძნობიარეები არიან, რამეს ხომ არ განიცდიდა?
- ბუნებით არის ძალიან საღი ბავშვი, ძალიან ხალასი, მეგობრული, არ არის ჩაკეტილი ბავშვი, ძალიან აქტიური ბავშვია, რომ არიან ბავშვები ჩაკეტილები, მის სტიქიაში, ასეთი არ არის. მართლა არაფერი არ მაქვს ხელჩასაჭიდი, არ ვიცი რა ვიფიქრო, საშინელ დღეში ვარ და ვფიქრობ, რომ ცუდს არაფერს გამიკეთებდა. ძალიან ვუყვარვარ, ჩვენ დედა- შვილი არა, მეგობრები ვართ. არაფერი მაქვს ხელჩასაჭიდი, არ ვიცი რა ვიფიქრო. მე თბილისში ვიყავი, წინა ღამეს ვესაუბრე ჩვეულებრივ. მასთან ჩვეულებრივად საათნახევარი ვისაუბრე, ფოტოები ჩამიგდო, ვსაუბრობდით, ვხარხარებდით, ჩვეულებრივი ალექსანდრე მელაპარაკა.
- როგორც ვიცით, ალექსანდრე მამასთან იყო, მამა რას უყვება?
- მამამისი სახლში იყო, ამბობს, ინგლისურზე წასვლამდე შევიხედე ოთახში, იჯდა და მეცადინეობდაო, ჩვეულებრივი დღე იყო მთელი დღე, სკოლიდან მოვიდა, მერე ფეხბურთი, მერე დაიძინა, მერე ინგლისური, ჩავარდნა არ ჰქონდა. ინგლისურის მასწავლებელიც ამბობს, რომ ჩვეულებრივი დღე იყო და არაფერი განსხვავებული არ ხდებოდაო.
- ოჯახს მტერი ხომ არ ჰყავს, გატაცებას გამორიცხავთ?
- არანაირი მტერი არ გვყოლია, ჩვეულებრივი ოჯახი ვართ. კი ვართ ცალ- ცალკე ცოლ-ქმარი, მაგრამ მტერი არ გვყავს. მსგავსი არაფერი. სამი შვილი გვყავს, 24 წლის, 18 წლის და 14 წლის არის ალექსანდრე. ძმები ძალიან ნერვიულობენ.
P.S. გთხოვთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიაწოდოთ შესაბამის ორგანოს, ან ოჯახს 555105500 ან 599 4511 22.