„ჩამოინგრა ორსართულიანი სახლი, სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გამოსვლას.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სხვა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ჩამონგრეული იყო ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი, სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე.
მაშველებმა სწრაფი რეაგირების შედეგად, ორივე მოქალაქის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს. ისინი კონტაქტური მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები.