„პუტინის ბუნკერიდან გამოსვლა ამას მიანიშნებს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„პირველად გამოჩნდა პუტინი ფრონტის ხაზზე სამხედრო ფორმით, აქამდე ბუნკერიდან არ გამოდიოდა. ეს იმას მიანიშნებს, რომ საომარი მოქმედებები არც ისე ინტენსიურია,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე რუსეთი აუცილებლად მივა, მანამდე კი კრემლს იმის წარმოჩენა სურს, რომ ეს უკრაინის სურვილია და არა რუსეთის.
გადამდგარი გენერალი განმარტავს, რომ რუსებს არც კურსში აქვთ მნიშვნელოვანი წარმატება, როგორც ამის ჩვენებას რუსული პროპაგანდა ცდილობს. რუსები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ორმაგი ალყის შეკვრას, ხოლო გაზის მილებით სამხედროების მტრის ზურგში გადასხმა სრულიად წარუმატებელი ოპერაცია აღმოჩნდებაო, ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
„ის ოპერაცია, რაც განახორციელეს რუსებმა და გაზით მილით გადაისროლეს მებრძოლები მტრის ზურგში, ჩავარდა: ნაწილი მოიწამლა, დანარჩენი მოხვდა უკრაინელების დარტყმის ქვეშ და ეს დანაყოფი ფაქტობრივად განადგურდა. რამდენიმე მებრძოლია გაფანტული და სადღაც თავშეფარებული ადგილობრივ ნანგრევებს. ეს ოპერაცია მთლიანად ჩაუვარდათ რუსებს,“ – გვითხრა ვახტანგ კაპანაძემ.
სამხედრო ანალიტიკოსის თქმით, ყველაზე მთავარი ახლა ევროპის მობილიზებაა, რამაც უკრაინა ისე უნდა გააძლიეროს, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს სურვილი, უკრაინას თავს დაესხას ისევ.
გაჩნდა ამის პირობა? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე: „ის, ფაქტობრივად, უარს ამზადებს. პუტინს, რა თქმა უნდა ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ იმის თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება და უკრაინელების ხოცვა სურს”, – ამბობს ზელენსკი. თქვენი დაკვირვებით, რამდენად არიან მხარეები მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის?
მე თავიდანვე არ მეგონა, რომ თითის ერთი დაქნევით ყველაფერი დამთავრებოდა, თუმცა იმედი მქონდა, რომ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა სააღდგომოდ მაინც მოხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე წარმომედგინა, რომ უფრო ადვილად მოხდებოდა ეს შეთანხმება. როგორც ჩანს, პუტინს ჯერ იმის ჩვენება სურს, რომ დიდი ბიჭია და ტრამპის ერთი ხელის დაქნევაზე გადაწყვეტილებებს არ იღებს.
მეორეს მხრივ, აშშ-ს წარმომადგენელი ჩავიდა რუსეთში და ამას შედეგი არ მოჰყოლია. ასეთ დროს გარკვეული შეთანხმებები წინასწარ არსებობს ხოლმე.
- რა გამოჩნდა თქვენთვის ამ პროცესში, შესაძლოა რაღაც არ ჟღერდება?
შესაძლოა, მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ კიდეც რაღაც კონკრეტულ დეტალებზე, მაგრამ არ აჟღერებენ ამას. დადებითი ისაა, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. უკრაინას თავისი პოზიტიური პოზიცია უკვე გაჟღერებული აქვს, ამასთან რუსეთსაც ნეგატიური ნაბიჯები გადადგმული აქვს. შესაბამისად, გრძელდება სანქციები რუსეთის საბანკო სექტორსა და ნავთობის წარმოების სექტორზე.
- თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა აშშ-ს სანქციების ახალი ეტაპი რუსეთის მიმართ?
ეს იმის ჩვენებაა, რომ აშშ-ს ზემოქმედების ბევრი ბერკეტი კიდევ აქვს ხელში.
მეორეს მხრივ, არც ისეთი გარღვევები აქვს რუსეთს ფრონტის ხაზზე, რომ უკრაინას მანევრის საშუალება არ ჰქონდეს და იძულებული იყოს, ყველაფერს ხელი მოაწეროს. მართალია, რუსებს გარკვეული ტაქტიკური ინიციატივა და წარმატება აქვს კურსკში, ესაა და ეს. სხვა მნიშვნელოვანი, ვიმეორებ – მნიშვნელოვანი გარღვევა რუსებს ფრონტის ხაზზე, სამხედრო თვალსაზრისით, არ გააჩნიათ.
- ამ მოცემულობაში შედგება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე?
დიდი ალბათობით მაინც მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და რუსები გარკვეული კეკლუცობის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. არა მგონია, რუსებმა ამერიკასთან მიმართებით ყველაფერზე უარი თქვან. რუსეთი ვაჭრობს და აჩვენებს ყველას, რომ მას რაღაც კოზირები აქვს სახელოში. ჩვენ ახლა ამის მოწმენი ვართ.
რუსეთს სურს იმის წარმოჩენა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება უკრაინის აუცილებლობაა და არა რუსეთის.
- რეალურად ამერიკის დახმარების გარეშე რამდენად შეძლებს უკრაინა განაგრძოს ბრძოლა?
ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის საქართველოში, ცდილობს აპოკალიფსური სურათი დახატოს, რომ უკრაინა ძალიან მძიმე დღეშია და ასე შემდეგ. არ მინდა, მათ რიგში აღმოვჩნდე. რა თქმა, ამერიკული დახმარების შეწყვეტა უკრაინისთვის ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ, პირველ რიგში, რატომ უნდა შეუწყვიტოს ამერიკამ უკრაინას დახმარება რუსების პოზიციის ფონზე? ვფიქრობ, ამ პირობებში პირიქით, უკრაინის გაძლიერება მოხდება.
მეორე საკითხია ევროპაში უკვე მიღებული გადაწყვეტილება გადაიარაღების შესახებ. გეგმა როცა ცხადდება, დამერწმუნეთ, გათვლები და ძირითადი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ევროპა აძლიერებს სამხედრო კომპლექსებს, სამხედრო ინდუსტრიას, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. არის მოსაზრება, რომ აი, ევროპა დიდი ხნის შემდეგ შეძლებს გაძლიერებას, მაგრამ ევროპას დღეს ნამდვილად გააჩნია იმის ძალა, რომ სრულად განაგრძოს უკრაინის დახმარება აღნიშნულ ტემპში.
შორს რომ არ წავიდეთ, ვიკიპედიაშიც რომ შეადაროს დაინტერესებულმა პირმა მონაცემები, ნახავს, რომ ნატოს შეიარაღება და რესურსები ბევრად ძლიერია, ვიდრე რუსეთის. ყველაზე კრიტიკული არის ის, რომ უკრაინას რუსული სარაკეტო დარტყმებისგან იცავს ალბათ მსოფლიოში საუკეთესო ამერიკული სისტემები, რომელიც ასევე შეუძლია იყიდოს ევროპამ ამერიკისგან და თავად მიაწოდოს უკრაინას. ამაზე რატომ უნდა თქვას უარი ამერიკელმა მწარმოებელმა, გაუგებარია.
ასევე, თუ აღარ იქნება „პატრიოტები“ ამერიკული დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში, მას ჩაანაცვლებს სხვა, მსგავსი ევროპული სისტემები. შესაძლოა, ეს სისტემები ისეთი ეფექტური არ არის, როგორიც „პატრიოტია“, მაგრამ არც ძალიან ჩამოუვარდება. გასათვალისწინებელია, რომ სამხედრო ტექნიკა, რასაც უკრაინა იღებს დასავლეთიდან, უკვე მოძველებულია და არ არის ბოლო თაობის შეიარაღება.
ევროპამ თუ დაიწყო უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდება, ეს უკრაინელებს მნიშვნელოვნად გაუადვილებს საომარ მოქმედებებს.
- მიდის აქეთკენ პროცესი?
რა თქმა უნდა, აქეთკენ მიდის. ევროპელები ტყუილად ხომ არ იკრიბებიან უკრაინის საკითხზე და ამხელა თანხის მობილიზებას აანონსებენ? ეს ხომ საქართველო არაა, თქვან რაღაც და მერე პასუხი არავინ მოსთხოვოს?!
იქ იტალია, ესპანეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი ფეხს ითრევენ, მაგრამ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ასევე პოლონეთს და სკანდინავიის ქვეყნებს ეყოფათ ძალა, რომ დაეხმარონ უკრაინას.
- დღევანდელი კონტექსტი რას აჩვენებს: რუსეთ-უკრაინის ომი მიდის კონფლიქტის გაყინვისკენ თუ ევროპა მოახერხებს ძალების მობილიზებას და უკრაინის ისე მხარდაჭერას, რომ ის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს?
ალბათ გაიყინება. ეს იქნება გაყინული კონფლიქტი, კორეიზაციის ვარიანტი მოხდება, თუმცა ევროპელები დაეხმარებიან უკრაინას გაძლიერებაში, ისე გაძლიერებაში, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს სურვილი უკრაინაზე შემოდგომის თავდასხმის და აგრესიის.
ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა ჯერ-ჯერობით არ ჩანს, თუმცა არასდროს უნდა თქვა „არასდროს“, როცა ეს პოლიტიკას ეხება.
არავინ იცის, როგორ შეიცვლება სამყარო, ან რა მოხდება რუსეთში. ამ ეტაპზე უკრაინასაც ურჩევია ძალისხმევა მოახმაროს გადაიარაღებას და მოდერნიზებას, ქვეყნის გამოყვანას კრიზისიდან, ეკონომიკურ განვითარებას, დანარჩენს მომავალი აჩვენებს. როგორც ერთხელ უკვე გითხარით: აზერბაიჯანი 30 წელი ელოდა თავის მომენტს.
90-იან წლებამდე ვერც დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის შეერთებას წარმოიდგენდა ვინმე.
- როგორ იცვლება რეგიონში რუსეთის პოზიციები? ბოლო დღეებში სირიაში შეიარაღებულ ძალებს შორის კონფლიქტს 1000 ადამიანი ემსხვერპლა…
რუსეთის პოზიციები სუსტდება ყველა მიმართულებით. ერთადერთი, ვისაც რუსეთმა შეუძლია უკარნახოს თავისი ნება, ეს პოსტსაბჭოთა სივრცეა, ისიც ბალტიისპირეთის ქვეყნების გარეშე. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც უკვე ჩამოყალიბდა მულტიპოლარული სისტემა.
ბიპოლარული იყო სისტემა „ცივი ომის“ პერიოდში, შემდეგ 90-იანებში იყო უნიპოლარული სისტემა და აშშ დომინირებდა სრულად, ახლა კი არის მულტიპოლარული, სადაც რამდენიმე პოლუსია: აშშ, ჩინეთი, ევროპა გამოდის ასპარეზზე, რუსეთი ცდილობს, რომ იყოს პოლუსი რეგიონულ დონეზე მაინც, ახლო აღმოსავლეთშიც ვითარება მნიშვნელოვნად იცვლება, რეგიონული მოთამაშის პოზიციის დაკავებას თურქეთიც ცდილობს და ასე შემდეგ.
ცუდი ისაა, რომ მულტიპოლარულობა უფრო მეტი საფრთხის მატარებელია, ვიდრე, მაგალითად, უნიპოლარული, ან ბიპოლარული მსოფლიო. მულტიპოლარული იყო მსოფლიო, როდესაც პირველი და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ამ დროს არ არსებობს ორი ერთმანეთის დამრეგულირებელი, დომირებადი ძალა. შესაბამისად, საფრთხის შესაძლებლობა დიდია.
ამ დროს რეგიონული დაპირისპირების შესაძლებლობაც იზრდება. ხვალ და ზეგ ეს კავკასია იქნება, თუ ცენტრალური აზია, არ ვიცი, მაგრამ ეს გამოწვევები ნამდვილად არსებობს.
- უკრაინის ფრონტის ხაზზე რა ხდება ბოლო დღეებში?
პირველად გამოჩნდა პუტინი ფრონტის ხაზზე სამხედრო ფორმით, აქამდე იგი ბუნკერიდან არ გამოდიოდა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საომარი მოქმედებები არც თუ ისე ინტენსიურია.
კურსკში რუსებს აქვთ წარმატება, მაგრამ რის ხარჯზე? სამხრეთ მიმართულებით, ანუ ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით, არაფერი ხდება, აღმოსავლეთ მიმართულებით კი, რუსების დიდი მცდელობის მიუხედავად შეტევის კურსი ვერ განავითარეს. დაახლოებით ერთი თვის წინ თქვეს რუსებმა, რომ ტორეცკი აიღეს, მაგრამ ბრძოლები ისევ მიდის.
უკრაინელებს პოკროვსკის მიმართულებაზე ჰქონდათ კონტრშეტევა და მცირე ტაქტიკური წარმატება გააჩნდათ. ერთადერთი კურსკის საოპერაციო რაიონში გააჩნიათ რუსებს ნაწილობრივი წარმატება და უკრაინული დაჯგუფებისთვის ალყის საფრთხის შექმნა.
სამხედრო გეომეტრიის მიხედვით, სრულ ალყას სჭირდება ორი სარტყელი: შიდა და გარე, რათა თავდაპირველი ალყის შემქმნელი თავად არ მოხვდეს ორმაგი დარტყმის ქვეშ. ჯერ-ჯერობით რუსებს არ აქვთ ეს ორი სარტყელი და არც გაუფართოებიათ სივრცე, რომლითაც უკრაინელებს სრულად მოწყვეტენ კურსკის ოლქს. ასე რომ, უკრაინელებისთვის ნამდვილად მძიმე ვითარებაა, მაგრამ არა უიმედო.
ის ოპერაცია, რაც განახორციელეს რუსებმა და გაჩერებული ურენგოი – სამარა – უჟგოროდი გაზით მილით 12 კმ-ზე გადაისროლეს მებრძოლები მტრის ზურგში, ჩავარდა: ნაწილი ჯერ კიდევ გზაში მოიწამლა შესაბამისი დამატებითი ვენტილაციის არ ქონის გამო, დანარჩენი მოხვდა უკრაინელების დარტყმის ქვეშ და ეს დანაყოფი ფაქტობრივად განადგურდა. რამდენიმე მებრძოლია გაფანტული და სადღაც თავშეფარებული ადგილობრივ ნანგრევებს. ეს ოპერაცია მთლიანად ჩაუვარდათ რუსებს.
- პუტინის გამოჩენა რატომ დასჭირდათ რუსებს?
გამოაჩინეს პუტინი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი. ეტყობა, პიარმა უთხრა, რომ მოლაპარაკებების პერიოდში შენც გამოჩნდი ფრონტის ხაზზეო. პუტინს უნდა გამოჩნდეს, როგორც დევგმირი, რომელიც თითქოს თავად ხელმძღვანელობს ამ ოპერაციას. რატომ არ გამოჩნდა პოკროვსკის მიმართულებით და კურსკში გამოჩნდა? იმიტომ, რომ მასთან იყოს ასოცირებული წარმატება.
- ამასობაში, ყირიმის მიმართულებით გააქტიურდნენ უკრაინელები, რას მიაღწიეს?
გუშინ დაარტყეს ისევ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელს და ნავთობგადამანაწილებელს. მუდმივად ხდება ეს დარტყმები და ჯერ კიდევ ცდილობენ ჩააქრონ ხანძარი 1000 კვადრატულ მეტრზე.
4 დღის წინ ბრიანსკის ოლქში ფსბ-ს შენობას დაარტყეს უპილოტოებით, მათმა დრონმა პირველად მიაღწია ჩუვაშეთს და მოხვდა ნავთობკომბინატ „ბურევესტნიკის“ რეზერვუარებს.
მოსკოვის გარეუბნებსაც დაარტყეს უკრაინელებმა, გუშინ კრემლიდან 4 კმ-ში ჩამოვარდა დრონი, იგივე მოხდა სადოვოე კალცოზე. ასე რომ, არც რუსები არ არიან დალხენილ მდგომარეობაში.
ნუ დაგვავიწყდება, რომ დასავლეთი აქტიურადაა ჩართული უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის განვითარებაში, განსაკუთრებით აქტიურობენ ამ მიმართულებით ფრანგები და სკანდინავიელები. ფრანგები აწვდიან უპილოტოებს უკრაინელებს, ასევე, უკრაინა თავად იწყებს თავისი შეიარაღების გარეწარმოებას. გათვლაა, რომ 50%-მდე უნდა ავიდეს ამ წარმოების მაჩვენებელი, რაც უკრაინას სჭირდება. დღეს ეს მაჩვენებელი უკვე 30%-ს აღემატება.
ექსპერტების გათვლებით, ბაიდენის მართველობის ბოლო პერიოდის აქტიურობის ხარჯზე, უკრაინელებს უკვე ჯერ კიდევ აქვთ მარაგები, თუნდაც ამერიკული შეიარაღების, რაც 4-დან 6 თვემდე ეყოფათ, სრულად იზოლაციის პირობებშიც კი.
- რა გახდა ახლა უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
ამერიკულ დახმარებას უკრაინის პრიორიტეტებში გადავიტანდი მეორე ადგილზე. პირველ ადგილზეა ევროპის მობილიზაცია.
რა თქმა უნდა, ამერიკის დახმარება რჩება პრიორიტეტებში. ამერიკამ მნიშვნელოვანი ზეწოლა უნდა განახორციელოს რუსეთს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
თუ აშშ ზეწოლას ვერ განახორციელებს რუსეთზე, ომი გაგრძელდება. ეს არ იქნება რუსეთისთვის წარმატებული ომი, მაგრამ იქნება გაჭიანურებული ომი – უფრო მეტი გადამწვარი ტერიტორიები და დახოცილი ხალხი.