რეგისტრაცია

როდის მოთოვს თბილისსა და სხვა რეგიონებში და როდიდან უნდა ველოდოთ გამოდარებას - კვირის პროგნოზი

როდის მოთოვს თბილისსა და სხვა რეგიონებში და როდიდან უნდა ველოდოთ გამოდარებას - კვირის პროგნოზი
26 Nov 2024, 14:53

სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ ვრცლად საუბრობს:

- დედაქალაქის მოსახლეობას მიმდინარე კვირის განმავლობაში გასული კვირასთან შედარებით, განსხვავებული ამინდი ელოდება. გასულ კვირას თბილისში, თითქმის ყოველდღე, +18, +19 გრადუსი იყო. მიმდინარე კვირაში ტემპერატურის კლებასთან ერთად, ნალექსა და ძლიერ ქარსაც უნდა ველოდოთ.

მთიან და მაღალმთიან რაიონებში ყველგან მოთოვს. 26, 27 ნოემბერს როგორც მთაში, ისე მაღალმთიან რაიონებში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ნალექს უნდა ველოდოთ, თოვლის სახით. თოვლი მთელ საქართველოში, მთიან და მაღალმთიან რაიონებში იქნება.

გარკვეულ დღეებში - 27, 28 ნოემბერს ნალექს თოვლის სახით კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, იმერეთის მაღლობზეც და შიდა ქართლის ტერიტორიაზეც ველოდებით. თბილისში თოვლჭყაპი, თბილისის შემოგარენში კი თოვლია ნავარაუდევი.

აჭარაში, მოგეხსენებათ, გასულ კვირას ძალიან კარგი ამინდი იყო. შაბათს ტემპერატურამ ბათუმში +26 გრადუსს მიაღწია. კვირას კი მკვეთრად შემცირდა და მომდევნო დღეების განმავლობაში არა უმეტეს +12, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

კახეთის რეგიონში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმა, მთიან რეგიონებში თოვლჭყაპი იქნება, რომელიც შემდგომ თოვლში გადავა. ტემპერატურა, დაახლოებით, +10, +12 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. 27 და 28 ნოემბერს კახეთში და ზოგადად, მთელ საქართველოში ქარია მოსალოდნელი.

მაღალმთიან ზონაში ძლიერი თოვაა ნავარაუდევი. ძლიერ თოვასთან ერთად, ქარბუქი და ხილვადობის გაძნელებაცაა მოსალოდნელი.

უამინდობა საქართველოში, დაახლოებით, 28-29 ნოემბრამდე გაგრძელდება. კვირის ბოლოს, პარასკევიდან, აღმოსავლეთ საქართველოში, შემდგომ კი დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, შაბათსა და კვირას ბევრად უკეთესი ამინდია მოსალოდნელი.



აგრეთვე იხილეთ: