რეგისტრაცია

"საქართველოში აქამდე ეს არასდროს დაგვიფიქსირებია... მოსახლეობას მოვუწოდებ, თუ აუცილებლობა არ არის, ნუ გამოვლენ სახლებიდან" - როგორია ამინდის პროგნოზი უახლოეს მომავალში

"საქართველოში აქამდე ეს არასდროს დაგვიფიქსირებია... მოსახლეობას მოვუწოდებ, თუ აუცილებლობა არ არის, ნუ გამოვლენ სახლებიდან" - როგორია ამინდის პროგნოზი უახლოეს მომავალში
28 Jul 2025, 10:34

2024 წელი მთელ დედამიწაზე ყველაზე­ ცხელ წელიწადად ჩაითვალა, რადგან მეტისმეტად მოიმატა საშუალო ტემპერატურამ. არც მიმდინარე წელი იქნება გამონა­კლისი... "კვირის პალიტრის" სტუმარია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი, გარემოს დამცველი­ ნინო ჩხობაძე.

- თუ გახსოვთ, 2024 წლის მაის-ივნისი ძალიან წვიმიანი იყო და ასე იყო წელსაც. ამ პერიოდში ბევრ ევროპულ ქვეყანაში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა, თუმცა ივლისში საქართველოშიც ძალიან მაღალი ტემპერა­ტურა დაფიქსირდა - 40 გრადუსს აჭარბებს და კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. მანამდეც, 1-2 დღეს, ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, მაგრამ მერე ისევ დაეცა, ახლა კი უკვე ხანგრძლივად, თითქმის ორი კვირაა 36 და მეტი გრადუსი ფიქსირდება, რაც დამახასიათებელია კლიმატის ცვლილებისთვის.­ სიცხე კიდევ უფრო გაუსაძლისი იმიტომ ხდება, რომ ამ დროს ტენიანობა იზრდება, უჰაერობაა, და ეს განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა დასავლეთ საქართველოში.

- აღმოსავლეთ საქართველოში რა ხდება?

- აღმოსავლეთ საქართველოშიც მომატებულია ტენიანობა, განსაკუთრებით თბილისში. ამ დროს აორთქლების პროცენტი მატულობს, რაც პრობლემურია მათთვის, ვინც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უჩივის. ისინი მაქსიმალურად უნდა მოერიდონ მზეს. რაც შეეხება­ ბავშვებს, მშობლებს­ ვურჩევ, შუადღეს გარეთ არ გაუშვან, რადგან ბავშვები­ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან მზის სხივების მიმართ. ბოლო წლებში ტემპერატურა ძალიან მაღალია, ცხელი დღეები გახანგრძლივებულია, რაც ჩვენთვის უჩვეულოა.

პრობლემაა ისიც, რომ მიუხედავად­ მაის-ივნისის უხვი ნალექისა, წყლის ნაკლებობა­ მაინც შეინიშნება. ამიტომაც ძალიან უჭირს სოფლის მეურნეობას. პრობლემაა მწერები და მავნებლებიც, სიცხეში ისინი კარგად მრავლდებიან (ჩვენ ამას აფეთქებას ვუწოდებთ) და დიდი ზიანის მოტანა შეუძLლიათ. კლიმა­ტის ცვლილება­ უარყოფითად აისახება­ როგორც სოფლის მეურნეობაზე, ასევე ტყეებზე - მაღალი ტემ­პერატურისას მოსალოდნელია ტყის ხანძრები.­

- როგორი პროგნოზი გაქვთ?

- ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე განვითარდა მეწყრული პროცესები და წყალდიდობები. წყლის უცაბედი მოვარდნა დაფიქსირდა ლენტეხსა და გურიაში. მეწყერი­ ჩამოწვა ხარაგაულსა და კახეთის ზონაშიც. პროგნოზის თანახმად, შესაძლოა ეს პროცესები გაძლიერდეს.

- ამას როდის ვარაუდობთ?

- აგვისტო-სექტემბერში ველოდებით­ მეწყრული პროცესების გააქტიურებას. ამიტომ ყველგან აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო მონიტორინგი. მოსახლეობაც­ მობილიზებული უნდა იყოს. ბევრი მუნიციპალიტეტი ინფორმირებულია და ჩვენც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მზაობა.

- მონიტორინგში რა იგულისხმება?

- ყველა ასეთ ზონაში მუშაობენ გეოლოგების დასავლეთისა და აღმოსავლეთის­ ჯგუფები. გარემოს ეროვნული სააგენტოს მითითებით, რისკის ზონებში მუშაობენ სპეციალისტები და აკვირდებიან რისკის ზონებს, ცხელ წერტილებს...

- ეს შოვის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო?

- შოვის ტრაგედიის შემდეგ ეს სამსახური გაძლი­ერდა. მართალია, სპეციალისტების ნაკლებობაა, მაგრამ ისე არიან გადანაწილებული, რომ კავშირი ყველა მუნიციპალიტეტიდან აქვთ და ინფორმაციას ოპერატიულად აწვდიან. სააგენტომ გამოაქვეყნა ბოლო, 2024 წლის ბიულეტენი, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა კერა და პრობლემა.

- წლევანდელი ზაფხული რით არის განსხვავებული?

- წელს უფრო მეტი ნალექი იყო, ამასთან, სხვადასხვა ციკლონი წამოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე. ჯერჯერობით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, მაგრამ წვიმიანი­ ამინდებიც გვექნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში აქამდე არასდროს დაგვიფიქსირებია 40-42 გრადუსი, ახლა კი ამინდის პროგნოზში ვხედავთ,­ რომ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის ამ ნიშნულამდე აწევა.

- ეგ ჩრდილში, ხომ?

- დიახ, ჩრდილში. მოსახლეობას­ მოვუწოდებ, თუ ამის აუცილებლობა არ არის, ნუ გამოვლენ სახლებიდან. მიიღონ გაორმაგებული რაოდენობით წყალი, ვიდრე აქამდე სვამდნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივად აქვეყნებს რეკომენდაციებს, როგორ მოვიქცეთ ცხელ დღეებში და ეს მნიშვნელოვანი პრევენციაა.

- დედაქალაქში ტემპერატურის მატებას და უჰაერობას ნაწილობრივ შევეხეთ, კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ?

- თბილისში უჰაერობა მხოლოდ კლიმატის ბრალი არ არის. ინტენსიური მშენებლობების გამო დედაქალაქის განიავების­ პროცენტი დაკლებულია. მაგალითად, მთაწმინდის ფერდზე ამდენი კორპუსი არ ყოფილა, თბილისის მდინარეებიც ღია იყო და ქალაქი ნიავდებოდა - ჰაერის მასები ზემოდან ჩამოდიოდა­ და მტკვრიდან ისევ ზევით ადიოდა, ჰაერი მოძრაობდა. დღეს მაღალსართულიანი კორპუსების გამო ქალაქს განიავება უჭირს, რაც ტემპერატურის კიდევ უფრო მატებას და უჰაერობას განაპირობებს.

- ამ მხრივ ყველაზე რთული უბანი რომელია?

- აბსოლუტურად ყველა უბანს უჭირს, სადაც მრავლადაა მაღალსართულიანი შენობები. უჭირს ვაკეს, საბურთალოს, პრაქტიკულად ყველა უბანს, თუმცა გარეუბნებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ცენტრში სერიოზული პრობლემაა, სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის დახვეწილი. უფრო მეტი მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა მოძრაობდეს. ყველგან მშენებლობებია და ამის გამო ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკები მატულობს. კარგი იქნება, ქუჩები მოირწყას, რასაც, ალბათ, თბილისის მუნიციპალიტეტი მიმართავს კიდეც. ეს გამოსავალია, რათა მტვრის გავრცელება შემცირდეს.

- მწვანე საფარზეც გკითხავთ. ბოლო წლებში პარკები გაშენდა, ნარგავებმაც მოიმატა, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი...

- ჩვენ, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა", თავიდანვე ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ, რომ საჭიროა დამატებითი სტანდარტები, განსაკუთრებით იქ, სადაც აღარ არის დარჩენილი ღია სივრცე. უნდა გაშენდეს ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბაღები, ანუ სახურავები და კედლები გამწვანებისთვის უნდა გამოვიყენოთ...

- მომავალი სეზონი როგორი იქნება?

- წინასწარ ვერ ვიტყვით. 2024 წელი მთელ დედამიწაზე ყველაზე ცხელ წელიწადად ჩაითვალა, მეტისმეტად მოიმატა საშუალო ტემპერატურამ. კლიმატის ცვლილების შედეგად გრძელვადიანი პროგნოზი შეუძლებელი გახდა. სეზონებს შორის ზღვარი წაიშალა, ყოველივე კი გლობალური დათბობის შედეგია.

- გლობალური დათბობის მიზეზებზეც ვისაუბროთ...

- მიზეზი ორია: ცირკულარული ანუ ის, რაც ბუნებრივად ახასიათებს პლანეტას, მაგრამ ამას ემატება ანტროკოგენური ფაქტორი, რაც, ძირითადად, წიაღისეული საწვავის ინტენსიურმა გამოყენებამ გამოიწვია. ტყის გაჩეხა, ინდუსტრია, ნიადაგის დაბინძურება, ყველაფერი ერთად მოქმედებს.

- რა უნდა გაკეთდეს?

- ამ საკითხზე ყველა ქვეყანა მუშაობს, საქართველოც იწყებს ადაპტაციაზე მუშაობას და იმედია, მალე გვექნება ადაპტაციური\ გეგმა, თუ როგორ შევარბილოთ­ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები.


აგრეთვე იხილეთ: