ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, გამოყოფილია მიკროავტობუსები – რა ხდება საბერიოში, სადაც 5 ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა
ანა-მარიას, ემილიას, ნიას, ელენესა და სოფიას ხუთშაბათს, საბერიოში დაკრძალავენ – ამის შესახბე სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს და იმ ვითარებას აღწერს თუ რა ხდება დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში.
პოსტს უცვლელეად გთავაზობთ:
“აუცილებლად უნდა ითქვას, რომ:
საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სოხუმის თვითაღიარებული ხელისუფლების მიერ 6 იანვარი გამოცხადებული იყო გლოვის დღედ.
ამ დღეს დაუშვეს დროშები, გადადეს ან გააუქმეს ყველა კონცერტი, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი.
სოხუმის სპეციალური მითითებით გადაიდო არამარტო საჯარო კონცერტები, გამოირთო საახალწლო განათებები ქუჩებსა და ქალაქების ცენტრში და ეს მოხდა ყველა ოკუპირებულ ქალაქში, გაგრისა და გუდაუთის ჩათვლით.
აფხაზურმა ტელევიზიამ შეცვალა 6 იანვრის სატელევიზიო ბადე და ამოიღო მუსიკალური და გასართობი გადაცემები.
გალში რამდენიმე არაქართულმა ოჯახმა გადადო ტრადიციული და ხალხმრავალი სამეზობლო შეკრება შობის ღამეს, რომელიც პირდაპირ ქუჩაში იყო დაგეგმილი, დამკვრელების თანხლებით.
ჭოლარიების ოჯახში სამძიმარზე მივიდა უამრავი ადამიანი, მათ შორის, სრულიად უცნობები, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა მთელი დღის განმავლობაში.
გალის თვითგამოცხადებული გამგეობის ორგანიზებით, სხვადასხვა სკოლებიდან საბერიოში სამძიმარზე მიიყვანეს სკოლის მოსწავლეები.
როგორც დევნილები მიყვებიან, ამ ტრაგედიის შემდეგ ენგურის გასწვრივ განთავსებულ ე.წ. სასაზღვრო პუნქტზე, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საბერიოში, სამძიმარზე წასვლის მსურველთათვის გამოყოფილია მიკროავტობუსები, რომლებსაც ხალხი დანიშნულების ადგილამდე და უკან მიჰყავს და მოჰყავს, ამასთან, გაზარდეს ყოველდღიური ლიმიტი 80 ადამიანამდე.
პანაშვიდზე მიმსვლელთა სიას დაღუპულთა ნათესავები წინასწარ აწვდიან საოკუპაციო პუნქტს, პიროვნებები მოწმდება ფსბ-ს ბაზაში და ხალხს ამ კორექტირებული სიის მიხედვით ატარებენ, თუმცა, ჯერ არ ყოფილა სიიდან ვინმეს ამოღების შემთხვევა.
როგორ ექცევიან დევნილებს ენგურის ხიდამდე განთავსებულ ჩვენს, ქართულ პოსტზე, მაგაზე ცალკე აუცილებლად დავწერ, დეტალებითა და კონკრეტული პიროვნების დასახელებით, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დევნილები ქართველი პოლიციელების უხეშობასა და უტაქტობას უსვამენ ხაზს – არც დღეს ან გუშინ დაწყებულა ეს ამბავი.” – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.