"გვამი ლიფტის შახტში დაწვა..." - ცნობილია სასტიკად მოკლული ბიჭის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი
მკვლელობა მოხდა თბილისში. 23 წლის ახალგაზრდამ 26 წლის ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო და გვამს ცეცხლი წაუკიდა.
- მოკლული ახალგაზრდა ლევან ჯანგულაშვილია. ის კახეთიდან, სოფელ ნუკრიანიდან იყო.
საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა სხვადასხვა ნივთების დარტყმით მოკლა ერთი პირი, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.