რეგისტრაცია

როგორია იმ პირის მდგომარეობა, რომელსაც ვაკეში მომხდარი მკვლელობისას ტყვია მოხვდა? – ინფორმაცია ახლახან გავრცელდა

როგორია იმ პირის მდგომარეობა, რომელსაც ვაკეში მომხდარი მკვლელობისას ტყვია მოხვდა? – ინფორმაცია ახლახან გავრცელდა
15 Mar 2025, 12:49

პირი, რომელიც წუხელ, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის დროს დაიჭრა, კლინიკიდან გაწერეს.

kiku.ge

აღნიშნული სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში განაცხადეს.

მათი განმარტებით, დაჭრილ მამაკაცს ჭრილობა დაუმუშავდა და ბინაზე გაეწერა.

რაც შეეხება თავად ფაქტს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლევან ჯანგველაძე მოკლეს. ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერიდან ჩანს, თუ როგორ ჩაუსაფრდა მას მამაკაცი, რომელსაც სახე დამალული არ ჰქონდა, როგორ ესვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან და შემდეგ, როგორ ტოვებს ის ფეხით შემთხვევის ადგილს.

ადგილზე მყოფი მოქალაქეების ინფორმაციით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ცნობით, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა.

სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პირი. დაჭრილი მამაკაცი სავარაუდოდ, მოკლული ჯანგველაძის თანმხლები იყო.

არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა.

პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მის დასაკავებლად სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

წყარო:IPN


აგრეთვე იხილეთ: