„აქ შემოსვლა აღარ მინდა, ისეთი სიძულვილი ტრიალებს. ამიტომ დღეს მაქვს დრო და უნდა გავწმინდო ჩემი ფეისბუქსივრცე“ – სოციალურ ქსელში მომღერალ ზურა ხაჩიძის განცხადებას მისმა მეუღლემ ხათუნა ჟორდანიამ უპასუხა და დაუწერა, იმედია ჩემი რუსი ბებიის გამო არ წამშლიო. იუმორნარევ კომენტარს რეაქციები მოჰყვა.
ირკვევა, რომ ხათუნას ბებია, ნატაშა საპატინა-ბლაუ მოსკოველი რუსი იყო. იმ დროს, როდესაც ხათუნას ბაბუა ნოე ჟორდანიას საფრანგეთში მიჰყვებოდა, გზად ქმარგაყრილი, ორშვილიანი ნატაშა გაუცნია, რასაც მისი გეგმები აბსოლუტურად შეუცვლია. როგორც ხათუნა „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, აღიზიანებს, როდესაც დღეს რუსი ერის მისამართით ზიზღია გამეფებული.