"ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით... ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი, ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, პატარა ბავშვი წამებში გარდაიცვალა“ - როგორ მოხდა რიკოთზე შემაძრწუნებელი ავარია? (ფოტოები)

უმძიმესი ავარია მოხდა წუხელ რიკოთზე. ტრაილერმა, რომელიც გადაყირავდა, მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სამი ბავშვი. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 3 წლის ბავშვი, 4 ადამიანი კლინიკებში გადაიყვანეს.
უმძიმესი შემთხვევის დეტალებს თვითმხილველები ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, ავტომობილში მშობლები და მათი სამი შვილი იმყოფებოდნენ.
"არ ვიცი, ახლა ამას აქ რატომ ვწერ. ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით, ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი, ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით და აი, ეს მოხდა! პატარა ბავშვი წამებში გარდაიცვალა! ცოცხალია მშობლები და 2 შვილი, თუმცა არ ვიცი, ამ მდგომარეობიდან რა გამოიყვანთ... ერთი მინდა გითხრათ, გაუფრთხილდით თქვენს თავებს და სხვებს. არავინ ვიცით, ჩვენ გადაწყვეტილებებს რა მოჰყვება. ძალიან გთხოვთ, იარეთ ნელა!" - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში.