რეგისტრაცია

გაირკვა ვინ არის ბათუმში გუშინ ჩაცხრილული ბიზნესი.

გაირკვა ვინ არის ბათუმში გუშინ ჩაცხრილული ბიზნესი.
19 Jul 2025, 10:40

დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბათუმში, ბულვართან მდებარე "გრილ რესტორანში" მამაკაცი ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ზურგში ხუთი ტყვია ესროლეს და ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტი თურქი ეროვნების ორ მამაკაცს შორის მოხდა და ერთმა მეორეს ესროლა.

"112-ში შევიდა შეტყობინება, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება", -ამბობენ შსს-ში.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, მოკლული მამაკაცი თურქეთის მოქალაქეა. "ასე თქვეს, რომ მოკლული მამაკაცი თურქია. არ ვიცი ვინ მოკლა, შესაძლოა, რაიმე დაპირისპირება იყო. დღისით, მზისით, ხალხით სავსე რესტორანში ადამიანი დაუნდობლად ჩაცხრილეს. ისე გადაადგილდებიან ადამიანები იარაღით, როგორც არაფერი. მაფიოზური ქვეყანა ვართ?! რას აკეთებს პოლიცია?! რესტორანში შესვლა და ქუჩაში სიარული საშიში გახდა. უბრალო გამვლელი ხომ შეიძლებოდა იმ გასროლილი ტყვიის მსხვერპლი გამხდარიყო", - ამბობს ადგილობრივი.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მომხდარს მომხდარს სოციალურ ქსელში სტატუსს უძღვნის:

"რატომ იქცა ბათუმის ბულვარში მდებარე რესტორანი "გრილი" სასაკლაოდ? საზოგადოება შეძრულია ბათუმში, ტურისტულ ზონაში, დღისით-მზისით ჩადენილი სასტიკი მკვლელობით. სულ ახლახანს, ბათუმის ბულვარში მდებარე ცნობილ რესტორანში განხორციელდა მორიგი შეიარაღებული თავდასხმა, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა ამავე ადგილზე - წარსულში ამავე რესტორანში სცადეს თურქეთის მოქალაქის, თურქეთში ძებნილი კრიმინალის, დერქან ბაშარის ლიკვიდაცია. მაშინ ის გადაურჩა სიკვდილს, თუმცა კვლავ რჩება თურქული ორგანიზებული დანაშაულის სამიზნედ", - წერს ბაკურიძე.

მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ვერსია, რომ თავდასხმების უკან დგას თურქეთის ერთ-ერთი გავლენიანი კრიმინალური ფიგურა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა საპატიმროდან და შესაძლოა, შურისძიებას ცდილობდეს ბაშარზე.

" თურქეთის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ხშირად მიმართავენ შემდეგ მექანიზმს: როდესაც საქართველოში მყოფი თურქი კრიმინალის ლიკვიდაცია იგეგმება, ოპერაციას თავად საქართველოში მყოფი თურქი მოქალაქეები არ ახორციელებენ. მათ ნაცვლად, ისინი ქირაობენ მკვლელებს თურქეთში, რომლებიც შემოდიან საქართველოში, ასრულებენ დავალებას და დაუყოვნებლივ ტოვებენ ქვეყნის ტერიტორიას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ გახდა საქართველო და განსაკუთრებით ტურისტული ბათუმი - უცხოელი კრიმინალებისთვის თავშესაფარი და მოქმედების პლატფორმა. საქართველოს ხელისუფლებას მივმართავ მკაფიო და მკაცრი მოთხოვნით - დაუყოვნებლივ მიიღოს ეფექტური ზომები! აუცილებელია სამართლებრივი და ოპერატიული კონტროლის დაწესება ყოფილი სასტუმრო "რამადას " ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად იჯარით აქვს აღებული დერქან ბაშარს - პირს, რომელიც თურქეთის კანონმდებლობით ძებნილია და რომელსაც კრიმინალურ წრეებთან მრავალმხრივი კავშირები აქვს. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ობიექტში სისტემატურად იკრიბებიან კრიმინალური დაჯგუფებების წარმომადგენლები და ფარულად ფუნქციონირებს არაერთი უკანონო ქოლცენტრი. ეს მხოლოდ საქართველოს სამართლებრივი სუვერენიტეტის შელახვა კი არ არის, არამედ რეალური საფრთხეა ქვეყნის იმიჯისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. შესაბამის უწყებებს მოვუწოდებ, გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მექანიზმი - მათ შორის, უცხო ქვეყნის სამართალდამცავებთან თანამშრომლობა, იმ პირების საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების მიზნით, რომლებიც ძებნილნი არიან საერთაშორისო დონეზე და საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. საქართველო არ უნდა იქცეს კრიმინალთა თავშესაფრად!" - წერს ბაკურაძე.

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა თამაზ ბაკურიძეს, მან დაგვიდასტურა გავრცლებული ინფორმაცია, რომ მოკლულია თურქი ეროვნების მამაკაცი. მისი თქმით, დანაშაულში ბრალდებულიც თურქია.

"გიდასტურებთ, რომ თურქი ეროვნების მამაკაცებს შორის მოხდა კონფლიქტი. ზუსტად ამ რესტორანში მოხდა მსგავსი მკვლელობა ადრეც, მაშინ კილერის ადრესატი იყო დერქან ბაშარი, მაგარამ ის გადარჩა და უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ახლა ეს რესტორანი განაახლეს, ისევ თურქს ეკუთვნის, მაგრამ განაგებს დერქან ბაშარი. მართალია არ აწერია თურქული რესტორანი, მაგრამ რეალურად თურქი კრიმინალების თავშესაფარი შეიძლება ვუწოდოთ ამ ადგილს.

ძირითადად თურქეთიდან გამოქცეული კრიმინალების რესტორანია. მაშინ რომ ესროლეს დერქან ბაშარს, ის გადარჩა, გვერდზე გაიწია და მისთვის განკუთვნილი ტყვია მოხვდა სულ სხვა ადამიანს, რომელიც საერთოდ არაფერში იყო დამნაშავე. დღეს იგივე სურათი დამიდგა თვალწინ. მე ეს თვეების წინ ვიწინასწარმეტყველე, როცა ბათუმის ცენტრში დერქან ბაშარის მიერ აშენებული კიდევ ერთი დაწესებულების მუშაობის ფაქტს ვაპროტესტებდით. ჩვენი მოსახლეობა შეწუხებული იყო ხმაურით...

მას დიდი გეგმები ჰქონდა, თურქეთიდან უნდა ჩამოეყვანა ესტრადის ვარსკვლავები და გაემართათ კონცერტები. მე მაშინ შევიტყვე, რომ ეს შენობა უკანონოდ ჰქონდა აშენებული. ბევრი ვიბრძოლეთ და დაინგრა ეს შენობა. მე ვითხოვდი, რომ გაეძევებინათ ქვეყნიდან, რადგან არის კრიმინალი, მაგრამ ეს პირი არის ძალიან დიდი ფულის მფლობელი, აქვს ქოლ-ცენტრები და კაზინოები და ალბათ, ვიღაცისთვის კარგი ლუკმაა. თორემ კაცი, რომელიც იძებნება თავის ქვეყანაში წითელი ცირკულარით, რატომ უნდა იყოს საქართველოში?!

გამაგებინეთ, რატომ ვქმნით პრობლემას, ტურისტი არ ჩამოვა, როცა გაიგებს რომ ქალაქის ცენტრში კლავენ ადამიანებს და დაზიანდება ქვეყნის და ქალაქის რეპუტაცია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ თურქი კრიმინალები მოვიშოროთ. როგორც ვიცი, მან ახლა იქირავა სასტუმრო შუაგულ ბათუმში ზღვისპირას და ახლა ეს სასტუმრო გადაიქცევა კრიმინალების თავშესაფრად. ახლა აქ დაიწყება გარჩევები

.ჩემი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის. ასეთი მექანიზმი მუშაობს - თურქეთიდან გამოქცეულ კლიმინალებზე შურის საძიებლად თურქეთში ქირაობენ კილერებს, ისინი აქ შემოდიან, ჩადიან დანაშაულს და გარბიან ისე, რომ ვერავინ აკავებს. დღემდე ვერც ერთი მკვლელი ვერ დააკავეს" - ამბობს თამაზ ბაკურიძე.

თეა ხურცილავა


აგრეთვე იხილეთ: