ძლიერი მიწისძვრა და ცუნამი რუსეთში - რა ხდება რუსეთში? ბოლო ცნობები


რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 119 კმ-ის დაშორებითა და 19,3 კმ-ის სიღრმეში იყო.
- კამჩატკის ნახევარკუნძულზე მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის სიმაღლემ 4 მეტრს მიაღწია.
რუსული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის მიმართა. ასევე, მიწისძვრის შედეგად საბავშვო ბაღის შენობის კედელი ჩამოინგრა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ცუნამის ტალღამ სახალინის ოლქში პორტი და თევზსაჭერი საწარმო დატბორა.
კამჩატკაზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიის ზოგიერთ რეგიონსა და ჰავაიზე ევაკუაციის ბრძანება გაიცა. იაპონიაში ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან მუშების ევაკუაცია განხორციელდა.
ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
“წყნარ ოკეანეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, ჰავაის მაცხოვრებლებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება ძალაშია”, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცნობით, ეს 1952 წლის შემდეგ რეგიონში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.