"საოცარი ისაა, რომ ორივე მხარე ამბობს: მე მინდა ევროპისკენ და მაინც ებრძვიან ერთმანეთს... ისეა დაპირისპირებული საზოგადოება, რომ ამან შეიძლება უმძიმესი შედეგი მოიტანოს" - მერაბ კოკოჩაშვილი
უკვე კვირაზე მეტია საქართველო მსოფლიო მედიის ობიექტივშია. თბილისი და რეგიონები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები შვიდი დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.
თითქმის ყოველ ღამე აქციების დაშლისას სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვადასხვა საშუალებებს. შედეგად ჟურნალისტები და მოქალაქეები დაშავდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებას საჯარო უწყებებში თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ასევე გაიფიცნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი Ambebi.ge-თან ამბობს:
- დაპირისპირებამ, რომელიც ახლა საქართველოშია, შეიძლება უაღრესად მძიმე სიტუაცია შექმნას ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ჩვენი ხალხისთვის. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების და მათი მოწინააღმდეგეების (ოპოზიციის) ქმედება უნდა იყოს ადამიანურ ფიქრზე დაფუძნებული და არა მხოლოდ და მხოლოდ ძალაზე და არამოაზროვნე ადამიანების გადაწყვეტილებაზე. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთ საუბრით, დაფიქრებით, გარკვეული დათმობებით და საკუთარი პრინციპის სრულიად ნათლად გახსნით უნდა დასრულდეს.
საოცარი ისაა, რომ ორივე მხარე ამბობს: მე მინდა ევროპისკენ! და ამ დროს ებრძვიან ერთმანეთს და ისეა დაპირისპირებული საზოგადოება, რომ ამან შეიძლება მოიტანოს უმძიმესი მდგომარეობა, ვინაიდან საქართველოს, თუკი ჩვენ ოდესმე გვიჭირდა და ყველამ ვიცით, რომ ხშირად გვიჭირდა, ყოველთვის ასე ხდებოდა, შიდა დაპირისპირებას მოჰყვებოდა ხოლმე ძლიერი ძალის გარედან გააქტიურება - და დღეს ამისთანა ძალა არის უამრავი მსოფლიოში, როგორც ევროპაში, ისე ჩრდილოეთში და ისე აზიაში, რომლებსაც უნდათ სუსტი, შიდა დაპირისპირებაში მყოფი საქართველო.
ეს ჩვენმა ხალხმა, იმ ადამიანებმა, ვისაც პოლიტიკაში უნდა ყოფნა, უნდა გაიგონ და აუცილებელია რომ მოხდეს შეთანხმება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მოაზროვნე ადამიანი იმით განსხვავდება ცხოველისგან რომ ერთმანეთს მხოლოდ ძალით და დარტყმით არ უპირისპირდება. ასეა. თუ ვართ კულტურული, მოაზროვნე ხალხი, უნდა გავიგოთ და ეს უნდა გავაკეთოთ. მეტი არაფრის თქმა შემიძლია, მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც პოლიტიკაში ვყოფილვარ როდისმე და არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში. უბრალოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა და მჯერა რომ გამოსავალი ერთ რამეშია - უნდა დასხდნენ და მოილაპარაკონ.