"გიგის თავი არ მოუკლავს... მოძღვარმა წესიც აუგო. ძველი ტრავმის გამო პერიოდულად ითიშებოდა" - რას ჰყვება ახლობელი მეტეხის ხიდიდან ავტომობილით გადავარდნილ ახალგაზრდაზე?

5 დღის წინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ტრაგედია დატრიალდა - მამაკაცი, რომელიც "ფორდის" მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს, მტკვარში გადავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი 24 წლის გიგი ზარანდია აღმოჩნდა. მას ხვალ მშობლიურ ხობში დაკრძალავენ.
გიგი ზარანდია ბაიკერი იყო. ახლობლების ინფორმაციით, 3 წლის წინ, დაახლოებით იმავე ადგილას გიგი "ბაიკით" მოყვა ავარიაში და მას 2 თვის განმავლობაში "ნიუჰოსპიტალსში“ მკურნალობდნენ (აქედან 2 კვირა კომაში გაატარა).
გიგის შესახებ ambebi.ge-ს მისი მეზობელი და ნათესავი ჯაბა თოლორდავა გვესაუბრა:
"ამ ტრაგედიის ირგვლივ უამრავი ჭორი ტრიალებს, თითქოს გიგიმ განზრახ მოიკლა თავი, აზარტულ თამაშებს თამაშობდა და ა.შ. გიგის ჩვეულებრივ აუგეს წესი. მას გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ 3 წლის უკან, მარტის თვეში და დაახლოებით იმავე ადგილას, მას მოტოციკლით ავარია მოუხდა (გიგი მოყვარული ბაიკერი იყო) და დაახლოებით 2 თვე კლინიკაში იწვა, აქედან რამდენიმე ხანს კომაშიც იყო. მისი გადარჩენის შანსი მინიმალური იყო, ყველანი მისი გადარჩენისთვის ვლოცულობდით. ავარიის შედეგად გიგის თავი ჰქონდა დაზიანებული. გამოკეთების მერე ამ შემთხვევამ მას გარკვეული პრობლემები დაუტოვა - პერიოდულად ითიშებოდა, მაგრამ იმდენად მუშაობდა საკუთარ თავზე, ამას არ იმჩნევდა, მაქსიმალურად ცდილობდა ყოფილიყო სამაგალითო ახალგაზრდა, მეგობარი, შვილი... გადატანილის შემდეგ, უბრალოდ, მისთვის რეკომენდებულიც არ იყო საჭესთან ჯდომა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გიგის იმ მომენტში გონება გაეთიშა, არ იცოდა, რას აკეთებდა და რა ხდებოდა, თორემ მას არანაირი მიზეზი არ ჰქონია საიმისო, თავი რომ მოეკლა. გიგი სიყვარულით დაოჯახდა, ის და ანა პატარა გოგონას ელოდებოდნენ, გახარებულს ექოსკოპიის სურათი დაჰქონდა თან...
ახლახან სახლში რემონტი გააკეთეს და ქორწილისთვის ჰქონდათ სამზადისი, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა ჰქონოდათ. გიგის მშობლები და-ძმასავით ჰყავდა (დედა დაახლოებით 40 წლისაა, მამა - 45 წლამდე), ახალგაზრდები არიან ძალიან, მას არავის სიყვარული აკლდა. პირველი შვილიშვილი და ყველას იმედი იყო. გიგიზე ისიც კი თქვეს, ხომ არ თამაშობდაო... ცხოვრებაში არ უთამაშია, ეს არარსებულია, მუდმივად მუშაობდა, რას არ აკეთებდა, ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა. მშრომელი, მოსიყვარულე და უწესიერესი ბიჭი იყო, მისგან ბილწი სიტყვაც არ მახსოვს. ხობში მეზობლები და ნათესავები ვართ, ძალიან ვახლობლობდით ერთმანეთთან. გიგი სოფელ გურიფურიში გაიზარდა და მერე წამოვიდა თბილისში, ვინაიდან სამსახურის შოვნის მეტი პერსპექტივაა. ხობში მას ძლიერი ოჯახი ჰყავს, კარგად ცხოვრობენ. გიგის დედა დევნილია, იმდენი გაჭირვება აქვს გადატანილი, ვერ აღგიწერთ. ჯერ მარტო მისი მშობლები (გიგის ბებია-ბაბუა) აფხაზეთში სახლში გამოუწვეს და გიგის დედა სამ დედმამიშვილთან ერთად ობლობაში გაიზარდა. და-ძმებმა ერთმანეთი გაზარდეს და გაჭირვების მეტი არაფერი აქვთ ნანახი. გიგის სამი დედმამიშვილი დარჩა - ორი ძმა და ერთი და.
გიგის ხვალ დავკრძალავთ, გუშინწინ მას მოძღვარმა წესი აუგო, ჩვეულებრივად ვლოცულობთ მისთვის...
ბევრი წერს, მაინც ვიხსენიებთ ლოცვებში, ღმერთმა შეუნდოსო. გიგი თავი არ მოუკლავს, ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ ამაზე ლაპარაკისგან... ის უბედური შემთხვევის დროს 99%-ით გათიშული იყო. გული გვტკივა, არარსებულზე როცა საუბრობენ... ავარიის შემდეგ გიგი შეიცვალა, პატარ-პატარა გათიშვები ჰქონდა. თავის მოკვლა რომ გადაეწყვიტა, რაღა შუა ქუჩაში გააკეთებდა ამას და გამვლელებს საფრთხეს შეუქმნიდა? იმ მომენტში გათიშული იყო და ვერ აკონტროლებდა თავს, შესაძლოა, აზრზეც მოვიდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო...
ღმერთმა ჯანმრთელი დაბადოს მისი შვილი და მას მაინც ჰქონდეს ბედნიერი მომავალი, მეუღლეც ისე მძიმე დღეშია, არ ვიცი, როგორ გადაიტანს ამ ამბავს. დაიქცა ოჯახი, რომელსაც მთელი ცხოვრება სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია. გიგი ჩვენი დიდი ტკივილია, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს“.